არქივი

ჩემი ნენე და დედაშენი


დედაშენი –
რვა ნომერ კენტს აბოლებს,
ჩემი ნენე –
მჭადზე ასვამს ჯვარებს,
დედაშენი –
შარვლით ტაძარს ამდორებს,
ჩემი ნენე –
ჩადრში მალავს ხატებს.

Continue reading

Advertisements

ფურცელზე გადმოსული უთქმელი სიტყვები


                     ინტერვიუ როინ აბუსელიძესთან

როინ აბუსელიძე ის პოეტია, რომელიც ფართო მასებისათვის ცნობილი გახდა ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ლექსით “ჩემი ნენე“ .ეს ლექსი ისე აიტაცა ხალხმა , რომ  ბევრმა მისი ავტორიც კი არ იცოდა. მას შემდეგ როის მრავალი ლექსი გავრცელდა ინტერნეტში და  მის ვიდეოებსაც ათასობით ნახვა და მოწონება აქვს. თავად ავტორს კი თავის პოპულარიზაცია სულაც არ უფიქრია.ის ისედაც ცნობილია თავისი ქალაქის- ბათუმისათვის,

თუმცა ინტერნეტმა მას  საყოველთაო ცნობადობა და ხალხი სიყვარული მოუტანა.

  Continue reading

ჩვენებურები


კიდევ ერთხელ მიამბეგ ურჯისტანზე ეფენდი,
რატომ მღერის ყარდაში ცრემლიანად ,,ჯილველოს”?
გუშინ შეღამებამდინ,ჭოროხთან რომ გევედი,
ტაიას ხმა გევგონე,აგზენ ბავშვებს ჰყიდდნენო.

ყოველ დილით ბაბაი,რატომ გასცქერს ჩრდილოეთს?
რატომ ახლავს ამ სურათს ნენეს ცრემლი ალალი?
ანდაც, ყველა საღამოს,მაინც რომც არ გინდოდეს,
“სულიკოს” რომ მღერობენ,რატომ მბურძგლავს ბალანი?

გურჯისტანი შორსაა?იქ რატომ არ ვბრუნდებით?
ფეხით ჩავალთ იქამდის? -მომიყევი ეფენდი,
რატომ არ დამასწავლი,ასე რატომ ჩუმდები?
ნეტა, გზები ვიცოდე, მარტოც მოვაფერებდი.

დავიბენი, ეფენდი,ვინ ვართ – ან ვინ ვიყავით?
მოდი, დღესვე წავიდეთ,იქნებ კიდეც გველიან,
ბავშვობაში ემიას გორასთან რომ მივყავდი,
მებნეოდა – გახსოვდეს – ამის მიღმა ჩვენია…

კიდევ ერთხელ მიამბე,გურჯისტანზე ეფენდი,
– ისევ იმეორებდა – ბიჭი ტაო-კლარჯელი
და უსმენდა უსიტყვოდ, ცრემლიანი თვალებით,
თურქ ეფენდის სამოსში ოთხმოცი წლის ქართველი!…

                                                                      როინ აბუსელიძე

გწამდეს…


გავხდი შენი გრძნობის ემიგრანტი,
სისხლი ადუღდა და შეფერადდა,
რადგან იმნაირად შემიყვარდი,
როგორც – კვაზიმოდოს ესმერალდა.

მკრთალი ოცნებები შეიფარე,
დედის საოცარი სახელი გაქვს,
და მეც იმნაირად შემიყვარდი,
როგორც ყრმა – ჟო ფრეის ანჟელიკა.

სრულად ამ ბოლო დროს ჩემი ხარ და
დღეებს იმედები მოეფინა,
რადგან იმნაირად შემიყვარდი,
როგორც – ნაპოლეონს ჟოზეფინა.

სულში დამწყვდეული ლეთარგია
დროის სტრიქონებით ვურიე და
ვიცრე ისეთივე სიყვარული,
როგორც – რომეომ და ჯულიეტამ.

ტანმა ჟრუანტელი შეიფარდა,
ვნებაც სისხლძარღვებში შეაბიჯებს,
რადგან იმნაირად შემიყვარდი,
როგორც – ყმაწვილ დანტეს ბეატრიჩე.

ვწერ და ვფიქრობ, ზემოთ ჩამოთვლილებს:
სჭირდათ შეგრძნებათაანემია,
მაგრამ როგორც მე შენ შემიყვარდი,
ისე არცერთ მათგანს ჰყვარებია.

გწამდეს…

 

          როინ აბუსელიძე

მიკრობალადა


I

დღე იყო ცივი და უტყუარი,
ამინდმა ზეცა კარგა ხანს ნაღმა,
მერე კი როგორც უცხო სტუმარი,
პირველი თოვლი დაკბინა ძაღლმა.
ხოლო ქარიშხალს _ ამინდის ბოცმანს,
თითქოსდა სურდა ბიბლიის კითხვა
და ეკლესიის ეზოში ლოცვა,
მივიწყებული ლექსივით ითქვა.
ავსებდა ზეცა საღამოს ხურჯინს,
გელოდებოდი ხელში ტიტებით,
შენ კი იდექი მუნჯივით მუნჯი
და ცრემლში ტაძრის ეზოს იტევდი.

I I

გიცქერდი, როგორც ქალაქს ტურისტი
უცქერს, ვერა და ვერ ჩაგიკალი
გულში, მერე კი შენი გულისთვის,
თითქმის ოთხი თვე მეცვა სტიქარი,
რომ დამეოკა ჩემი – მინდები
შენდამი, თუმცა ვეღარ გეღირსე
და მაგონდება რომ მაგ თითების
სურნელი ჰქონდა იმ დღეს სეფისკვერს,
როცა ღრუბლები – როგორც მგზავრები,
ხატავდნენ თავის თავს და ალიონს,
როცა ბავშვები გამოჯავრებით
ამბობდნენ – ნახე, მუნჯი ქალიო…
და იცინოდნენ… და შენ და თოვლი
იყავით თითქოს გარიყულები,
მრევლს კი ვარდისფერ ბურთებად აჩნდა
სახეზე სუსხის ალიყურები.

I I I

გაზაფხულს მიჰყვა სითბო და მარტის
გიჟი ამინდი, ერკელიები,
მე ვლოცულობდი და ამის გარდა,
მაინც ვერაფრით ვერ გელეოდი,
ხოლო აპრილში ისევ ისეთი
იყავი – მარტო, უფრო მარტივი,
სველი თვალებით წირვას ისმენდი
და ხატის გვერდით ჩანდი ხატივით
და სწორედ მაშინ მორიგი ფიცი,
უფლის წინაშე დავდე ხელახლა,
რომ წავიდოდი ტაძარში მიწყივ
ბერად, შენ ოღონდ გელაპარაკა.
ასე გათენდა აღდგომის დილა,
როგორც მორიგი კვირის ციტატა,
მე – ქრისტე აღსდგა – გითხარი ფრთხილად,
შენ მიპასუხე – ჭეშმარიტადო
და თითქოს გული გამისკდა, შემდეგ
გაკვირვებულნი დავრჩით ორივე,
ასე ვიგონებ იმ წამებს დღემდე
მე უკვე უფლის მონა – მორიგი.

IV

ვითვლიდი ორ წელს როცა ბერობის,
სრულად შეცვლილი ცხოვრების რიტმით,
მაგონდებოდი და გარდერობი
შენზე ლექსებით ავავსე თითქმის.
ერთ დღეს ტაძარში ველოდი დედებს
მოწყენილი და დაღლილი ერთობ,
ლოცვისას წამით გამექცა თვალი
და მონაზვნებში გიცანი!…
ღმერთო.
ისე შეცვლილი მეჩვენე მაშინ,
როგორც პირველი ჩვენი მარტის თვე
და ისეთი რამ ჩამიდგა ტანში,
რომ მთელს ტაძარში ვერ დავატიე,
გარეთ ამინდი იდგა უხეში,
სულში წვეთავდა თითქოს მირონი,
შემდეგ ჩამჯდარი ტაძრის კუთხეში,
მახსოვს ძალიან მაღლა ვტიროდი.

V

ასე გავიდა ორმოცდაათი
წელი, ფიქრებით, ლოცვით, ჭიდილით
და ამ უაზრო დროის ნარატივს,
გადადებული შევრჩი ხიდივით.
სიყვარულმა კი გაუბედავავად
პარალელური გზებით გამისწრო,
რის შემდეგ უკვე ვეღარ ვხედავდი
სარკეში ჩემს თავს – როგორც მაგისტროსს
და ყველა ღამე, გაუთევარი,
უნდა მემალა გრძნობით დაწერტილს,
შემრჩა ლექსებით სავსე მდღევარი
უარაფერო და აღარცერთი.
მახსოვს ცასავით ჩაქრა თვალები,
ცაც ჩამოვარდა თითქოს ციდანვე,
იმ ღამით შენი გარდაცვალების
ამბავი როცა ამოიტანეს…
შემდეგ დავტოვე უფლის საუფლო
და გავიყოლე წარსულის გემო
და იმ დღის შემდეგ აღარ ვსაუბრობ
და იმ დღის შემდეგ მუნჯი ვარ ჩემო!..                            

                                              როინ  აბუსელიძე

ეს ლექსი


ეს სიცხე – მორიგი დღეების ბათმანი,

უცქერ და ვერაფერს ვერ ამჩნევ გარედან,

ზაფხული მწამს ჩვენი გრძნობებით გათბა ნინ

და ახლა ისე ვართ არ გვყოფნის პლანეტა.

 

სული იხუთება და უკვე რამდენი

თვე არის რაც ასე ვბერდებით შიგნიდან,

მე ისევ მიყვარხარ და ისევ ცამდე ნინ,

წყენას კი წერისას ფრჩხილივით ვიკვნიტავ.

 

მომბეზრდა ამდენი უაზრო ლოდინი

უშენო დღეებიც შემძულდა საშინლად

და როცა ვიჩხუბებთ უბრალოდ მოდი ნინ,

ეს ლექსი გახსოვდეს, ეს ლექსი მაშინაც.

 

   როინ აბუსელიძე

მიდიხარ


ვიცოდი ამდენს ვერ გავუძლებდი,

იქნებ აქამდეც ჯობდა მეტირა,

მიდიხარ.

შენი წვრილი ქუსლები

აჩნდება ნერვებს მრავალწერტილად.

მიდიხარ.

ჩემს თავს ვეღარ ვერევი,

წყდება ფეხის ხმა სადღაც კარს იქით,

მინდა სიკვდილი და ეს ნერვები,

ხელში მიჭირავს კონტარაბასივით.

თან ვხვდები ღამით დავიბოღმები

და სულის ყველა კარებს ჩავრაზავ,

მინდა გამოგყვე და ვერ მოგყვები,

რადგან

მიდიხარ

ისე ლამაზად.

  როინ აბუსელიძე