არქივი

* * *


მთვლემარე თვალები, ამ ღამის სიდიდე,
გამოფიტული თამბაქოს შევსება.
მელანქოლია, კედლების სირბილე,
შენ რომ ცნობ სამყაროს, მე იმის მერე ვარ.

პერგამენტს უჭირავს დახრილი მარცვლები,
ლარნაკში ჩამომშრალ ტოტების გუბეა.
დუელში გაწვეულ მარტებთან ვმარცხდები
ცარიელ აპრილის უმზეო ყურე ვარ.

აუშვით, იალქნებს ებრძოლონ ქარებმა,
მარტივად ვუმტვრიოთ დარაბას საკეტი.
დღევანდელ ცოდვები დღევანდლით ბარდება,
თვალს ვათვალიერებ დამტვრეულ სარკეთი.

არ ვთვლი საჭიროდ ვიცხოვრო სრულიად,
ამდენი ცრემლებით დავღვარო გოდება,
თუ მარადისობით აღსავსე სული მაქვს,
თუ მარადისობაც სადმე არ მომბეზრდა.

რაღა დროს ხორცი და რაღადროს სულია,
დამტვერილ სარკეთი ვისწორებ საყელოს,
თუ წავალ ვერ გეტყვი, რომ შემთან მწყურია,
უბრალოდ, დრამატულ ცხოვრებით ვსარგებლობ.

 ნიკა ლაშხია

მეგრული ოდა


სულის ჩირაღდანი ვისთვის ამინთია,
ან ვის ვენატრები, ან ვის ველოდები.
გრძნობის არსებობა მათ ხომ არ იციან,
ვისთვის იარა ვარ, ვისთვის შევხორცდები.

ბევრი გარეა და ბევრი შინაგანი,
შინი საგარეო ყოფას მიმჯობინებს.
უცებ, მახსენდება ცივი იარაღი,
აწმყოს წარმოდგენით ბევრს რომ ვიცოდვილებ.

Continue reading

* * *


თქვენ შეგივსებენ უჩემობას ჩემი ლექსები,
ვესიკვდილები გაზაფხულის მაცნე აისებს.
რომ წამიკითხო, არა ძვირფასო არ გეხვეწებით,
თაფლისფერ თვალებს ცრემლი აგივსებთ.
ვიქნები ხშირად თქვენი ქუჩის უცნობი მგზავრი,
დავაშტერდები შენი ოჯახის შერყეულ სარკმელს.
აი, რაც მქონდა საოცნებო და სანუკვარი,
წაიღეს სადღაც, მსხვერპლშესაწირი კრავივით დაკლეს.
სიყვარულს ვმარხავ. უნდა დავიცვა არყოფნის მარხვა,
შენი არყოფნის, მაგრამ შენ აქ ხარ
და ამ ქალაქის ქუჩებს აბიჯებ.
ყველა მამაკაცს ოქროსფერი თმებით აგიჟებ,
გიხდება შვება, ჰარმონია, ბავშვური სითბო,
გპირდები გნახავ, შენ უღალატებ ქმარს და შეგიგრძნობ.
დიდიხანია რაც მითხოვდი არყოფნის მუზებს,
მაგრამ, სხივებმა შეიყვარა შენი აჩრდილი.
შენ, ანგელოზო ისე ცხოვრობ სამოთხე გიმზერს,
მე სამოთხისკენ ხელი დამრჩა მხოლოდ გაწვდილი.
ასეთი ფაქიზი გულით ნაოცნებარს,
ასეთი ოცნება ლამპიონს მოჰგავს.
თქვენ ჩემი სახელი ქმართან წამოგცდებათ,
ასე უნებურად დაანგრევთ ოჯახს.

 ნიკა ლაშხია  

* * *


გაოცების ნაფეხურზე კრთება,
ჩემი შუქის მომთაბარე ბნელი.
ფანჯრის მიღმა სიო როა, შენ ხარ,
ნაკვერჩხალზე გამიგრილდა ხელი.

მოდი, ჩარჩოს გავუმაგროთ კიდე,
ამ სახლს დარჩეს სამახსოვრო ფოტო,
რომ, ძუძუთი ანგელოზებს ზრდიდე,
როგორ მინდა თმახუჭუჭა გოგო.

ბედით ერთხანს უსიამოს ვგავდი,
შიშით მკლავდა საარსებო წყარო.
მეც მიყვარდა არეული მარტი
მაგ თვალებით შესაყვარო ქალო.

დამიმარცვლე განშორება ჩვენი,
დამავიწყე რაც აქამდე მღლიდა.
ახლა სადღაც იძირება გემი,
მე ამ გემის გადარჩენა მინდა.

ნიკა ლაშხია