არქივი

* * *


არ მინდა თვალებს ცრემლი რომ მოსწყდეს,
მაგრამ ტკივილი მერევა ნაცვლად.
მე დღესაც ასე იოლად მომკლეს
და კიდევ ასჯერ მომკლავენ ალბათ.

რომ ფსკერზე ღამე დაეშვა ცივად,
რომ მთვარე კრთება ბილიკის ბოლოს,
რომ გახელილი თვალებით მძინავს,
ეს თქვენი ბრალი არ არის მხოლოდ!

თუ დავემსგავსე ამღვრეულ წყაროს,
ასეთი იყო განგების ნება,
რაც უფრო ადრე ყვავილი ხარობს,
მით უფრო ადრე ყვავილი ხმება.

არ მინდა,თვალებს ცრემლი რომ მოსწყდეს,
არ მინდა,ზურგით ნაღველი ვზიდო.
მაგრამ მე დღესაც იოლად მომკლეს
და ამას მკვლელიც ვერ მიხვდა თვითონ.

                                                თემურ ელიავა

აპათია


მოვწყდით ატმოსფეროს ბურჯი პლანეტებით,
ქალაქს იშვიათი მწუხრი მოედება.
რაღაც სულიერზე მეტის გამეტებით,
ღამეს უძილოთა შევრჩით პოეტებად.

ალაგთ თაყვანი და ჯაბანთ განაჩენი,
ყველას ჩვეულებრივ უწევს შეჯერება.
მორჩა ყველაფერი გარდა დანარჩენის
და ის დანარჩენიც დიდად მეჩვენება.

Continue reading

მზე არ უხდება ზეცას


მზე არ უხდება ზეცას, შენ მოუხდები უფრო შენი თვალებით!
ცეცხლის ალები თუნდაც რომ გეცვას – მოგეკარები
სინაზეს გაგიმხელ და სხვა ქალების
ბრჭყვიალა თავშლებით მოგიქსოვ ხალიჩებს!!!

სამოსად ტანის თუკი უნდა ღრუბლები გეცვას,
ვიქნები ქარი, მივწვდები მწვ…ერვალს, სივრცეში ულევს,
მარადი ძალით შენს ირგვლივ წყნარად დავიპყრობ ზეცას
და მოგაშორებ ერთი ნელი მობერვით ღრუბელს.

Continue reading

ავტოპორტრეტი


თემურ ელიავა დაიბადა ა987 წლის 1 აგვოსტოს, სოხუმში.
დაამთავრა ქ.ზუგდიდის N4 საშუალო სკოლა.
სწავლობს ილიას უნივერსიტეტში -დრამის რეჟისურაზე.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

  ავტოპორტრეტი

 

ის სულაც არ ჰგავს ყოველგვარი საყვედრის მიმტევს,
პარკინსონიანი უძილობა სიხარულს ანიჭებს,
ოთახში დადის ნერვიულად და თითებს იმტვრევს,
მათემატიკური ისტერიით ითვლის ნაბიჯებს.
კითხულობს პრესას,კაფეებში აღარ სვამს ჩაის,
ამით ხაზს უსვამს პრინციპების სულელურ ალბომს,
ის ავტორია გულმიჭრილი მინაზე ბზარის,
ისეთი ძუნწი,ძილისთვის რომ სიზმრებსაც არ თმობს.
მუნჯი ჟესტებით გამოხატავს სიმდაბლეს აზრის,
მესამე პირში მონოლოგობს საკუთარ თავზე.
იგი მეტროში ქალბატონებს არ უთმობს ადგილს,
მას აღარასდროს არ გადაჰყავს მოხუცნი გზაზე.

ის ზედმეტს ფიქრობს,ზედმეტს ცხოვრობს და ზედმეტს ნატრობს,
–გადაუღებელ წვიმებს ნატრობს,ოცნების წვიმებს.
მადლობით იცმევს მეგობრისგან ნათხოვარ პალტოს
და თვითმკვლელობის იტოვებს იმედს.

თემურ ელიავა
 

ურჯულოს აღსარება


შენ ჯიხვის რქებზე მთვარის სისხლი არ გინახავს,
არც მამაცი ყივჩაღების ბრძოლა იცი,
როგორ დნება ღამე ნისლებს რომ ინახავს
თავშლიანი ქალწულისთვის მინაფიცი!

დღე რომ ღამის ნასამოსევს გადაიცვამს
მოდი მნახე, ხელი მახლე, მიგრძენ ტანი
შენ ვინც კერა დაგინგრია, გადაგიწვა,
მე ვარ იგი – აღამახმად ოსმანთ ხანი!

Continue reading

მაესტროს


უხამსი ფიქრებით ავიტან ალიონს,
მაესტროს მორალი ყელში მაქვს გაჩრილი,
მინდა, რომ სიბილწემ აზრები არიოს,
შურისგან დამაწყდეს ბახუსის აჩრდილი,
მიწიდან გამტვრეულს სიზმარი ამათრევს,
რამდენი დარაბაც არ უნდა დარაზოთ,
ყოველი ნაგავის მოწევას ვამართლებ,
ჩაპლინის იერით ლოთი რომ მთავაზობს,
ინდიელ შამალის პაროდისტს მოვგავდი,
ცუდად რომ ასრულებს უსწავლელ რევერანსს,
ოტელო რომ ვიყო სუფლიორს მოვკლავდი,
სიცილს რომ იჩემებს ყოველ წუთს, ყოველ წამს…
კბილებით ვიკავებ, ძუნწ სიტყვებს ვერევი,
გალკინის ნაცვალდ კი ვკითხულობ ყანწელებს,
რავქნა, თუ დააწყდა ნევრები რეჟისორს,
კლოუნი დაბოღმილ მონოლოგს აგრძელებს,
ნევრები მოშლილი ვისა აქვს?! არავის!
უბრალოდ ვერ ვიტან ვერლიბრის ავტორებს,
უღრანში ვიპოვე ვისოცკის კარავი,
უსაზღვრო ბოღმაში წამითაც არ მტოვებს,
გამხდარი მაესტრო, სცენაზე ავარდა,
თეატრის კლოუნებს მიჯნაზე დაამხობს,
მაესტრო, დამშვიდდით, სპექტაკლი ჩავარდა,
მე ჩემი დაცემის ტრიუმფით ვამაყობ…

                                           თემურ ელიავა