არქივი

თავისუფალი ლექსი


დილა გათენდა ისე თავხედი,
რომ სამჯერ მაინც გამახსენა შენი სახელი…
შენ დაბრუნდები -ისე წახვედი…

უბრალოდ მოხვალ თავდახრილი,
მოხვალ და ხელებს თვალებზე აიფარებ, თვალებს კი სულზე,
ხიდან ცრემლივით ჩამოვარდნილ კვირტად წახვეტილს
გიცნობ, ფეხის ხმით, ცრემლის ფერით, დუმილით, პულსით..
შენ დაბრუნდები-ისე წახვედი…

Continue reading

Advertisements

ახალი თავისუფალი ლექსი


მე ახლა თავდაყირა ვაყენებ გალაქტიკას,
რომ ფსკერზე დარჩენილი სხივები ვიწილადო…
გარეთ რომ ცარიელი ღრუბლების რევულია,
უბრალოდ დავხიე და ჯიბეში ჩავილაგე

დუმილი გაიხადე…- იმდენად სასაცილოდ,
რომ სული გამოგიჩნდა – შიშველი (ვიცი რატომ)
ღიმილი მოგერია, ეს ღამე როკერია,
ამიტომ იღებავს ანტენებს შავი ლაკით…

                                                      გენრი დოლიძე 

ათას ცხრაას ოთხმოც და


(ეძღვნება პურის რიგში ბავშვობადაკარგულ 80-იანების და 90-იანების თაობას)

დაბადების თარიღი – ათას ხცრაას ოთხმოც და…
დაბადების ადგილი – დასანგრევი ქვეყანა.
ყველას თავის ანგარიშს ისტორია მოთხოვს და
გული არ გამიძლებდა ცოტა რომ დაგვეხანა.

ვთამაშობდით ქვიშაში და ბავშვობა წაგვგლიჯეს,
(ეგებ ვინმე თუ არა ქარი მაინც მომიტანს)…
ვიჯექით და ვუთვლიდით საქართველოს ნაბიჯებს.
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს – გაქცეულს აფხაზეთის ომიდან.

ისტორია თავისას თავისთავად აგვარებს,
ბავშვი – ყველა ბავშვია – ქართველიც და აფხაზიც…
რადგან მეც ხომ სხვასავით საქართველოს მაგვარად
ქვეშმიწერით გამყვეს და განაყოფთან გამხაზეს.

ყველა, ვინც კი გულმკერდის ძმათა სასაფლაოზე
ვაგნებთ გულის საფლავს და არ მივიჩნევთ თავს ობლად –
ვდგავართ პურის რიგში და ვიცით თითო დაოსილს
გვიწევს თითო პური და ასი გრამი ბავშვობა…

ო, რა გემრიელი და ცრემლიერი ძღვენია,
ცრემლში ცურავს ტივი და იმედია მეტივე…
დახეული ოცნებით დავდივარ და მრცხვენია,
რადგან ჩემს სამშობლოზე სამშობლოთი მეტი ვარ!

                                                            გენრი დოლიძე

გალაკტიონის უკანასკნელი ლოცვა


შევცოდე და მაინც უფალს,
მაინც უფალს ვუგალობ….
თუმცა ამ გულს გულზე ცრემლმა
ბევჯერ გადაუარა
გევედრები, ფანჯარასთან
ნუ მიმიშვებ, უფალო
თორემ მერე სულ ერთია
გადავხტები თუ არა.

  გენრი დოლიძე

ბაფთები


თენდებოდა და მივდიოდით მე და შენ ერთად,
მე და შენ ერთად მოვახურეთ მთვარეს მანტია,
მთვარეს მანტია, მოვაცვით და გზად შევეფეთეთ
გზად შევეფეთეთ პირველკლასელ დილას ბაფთიანს,
ჩვენი პირველი სიყვარული მახსოვს, ბავშვური…
ცითდაკრეფილი ოცნებების ლურჯი კოლაჟი…
და საკუთარი წარსულის მაქვს უზომო შური,
რომ ყოველ დილით ვერ გაცილებ ისევ სკოლაში…
რომ ყოველ დილით ვერ წაგართმევ ბავშვურად ჩანთას,
ვერ შეგვიფარებს გაქცეულებს ჰორიზონტები….
ჩემი მერმისი მაგ თვალებში სხვაგვარად ჩანდა…
ღიმილ-ტირილი მეუფლება რომ მაგონდები…
დრო გადის – (ტირე) ფასს კარგავენ ჩვენი ხუთები,
მალე ცხოვრება ასჯერ ძვირად გაიაფდება….
გუშინ ის, ჩვენი, საოცნებო, ტკბილი წუთები,
შენს პირველკლასელ შვილს ებნია თმებზე ბაფთებად…

                                                                    გენრი დოლიძე

თავისუფალი ლექსი


(სოფოს)

(მე მივდივარ, გულის გასაღებს შავი ზღვის ქვეშ ამოვდებ, ჰორიზონტის მხარეს.
ნებისმიერ დროს შეგიძლია შესვლა, ოღონდ ცარიელი დაგხვდება!
თუ შეხვიდე სული დაიწმინდე და ღრუბლები არ გადაწიო)

სანამ ამბავს დავიწყებდე, ერთი წუთით, შემცივდა და უშენობას მოვიტან…
მექალთანე სხვას ნახავდა, უშენობის ერთგული ვარ უქალთანო….
გუშინ ჩემთან ერთი ძველი მეგობარი მოვიდა
მეკითხება: – მივდივარ და რას მაბარებ უფალთანო?
ენა დამე… დამეც დამე… დამე ბარე…და მე დამებარებინა ბარემ ბინა შენს გულში?!
სიტყვა მიყვარ, მიყვა… მიყვააა….მიჰყვა, მიჰყვა რგოლი რგოლს და დაეხვია რგოლი ძელს..
დრო (რა მოსატანია და) ყველა, ყველა, ყველა ღიმილს ფრესკულს შლის…
დრამა, დრამა, დამა დამა წიგნში დამასაფლავეთ სათაურით
“განისვენებს ღვთის ალქატი ვინმე გენრი დოლიძე”
ჩემს საფლავზეც გაიხარებს სოხუმური კვიპაროსი თუ პალმა…
გლოცავ გულით! _ რასაც ვამბობ, გულით ვამბობ _ თქვენ გაჩუმდით ტუჩებო!
რას ვაბარებ? – მე მივყვები ჩემს მეგობარს, თუ მიმიღო უფალმა…
რომ ზევიდან გადმოგხედო, დაგინახო, როგორა ხარ უჩემოდ

 

         გენრი დოლიძე