შენთვის დავღვარე
ჩემი სისხლის თეთრი წვეთები,
ნუ შორეულობ,
დღეს ეს სისხლი რადგან თეთრია,
თვითონ ვითხოვე,
მოვკვდე ამგვარ სულისკვეთებით,
რომ ჭაობიდან ჩემი სული ამომეთრია.
მე ალბათ წავალ,
უხმაუროდ,
ყრუ ნაბიჯებით,
თავჩაღუნული გავუყვები უშენო გზაწვრილს,
იქითკენ,
სადაც უსიცოცხლოდ დგანან ფიჭვები
და მიწას ჩემი აქ არყოფნა დღედაღამ აწვიმს.
და მერე,
ალბათ,
ეს ცხოვრებაც გამარტივდება,
ვგრძნობ,
ჩემი თავის მე ვარ (ახლა) მთელი სირთულე,
ზამთარი მოდის,
ჰოდა,
მიწაც უფრო ცივდება,
დააზრობს ყინვა სამარხებში ჩაყრილ ფიტულებს.
დღეს არაუშავს
თუ არ არის ჩემი გამგები,
სისხლს ვადენ ქუჩებს
და თვითონაც სისხლით ვითხვრები,
პურიტანები საბოლოოდ ბრძოლას აგებენ
და ამ ყველაფრის დასტურია მისი სიტყვები.
სისულელეა ეს ამდენი დავიდარაბა,
ეს უაზრო
და უფერული ქვეყნის ყაყანი,
მთელმა მსოფლიომ დაიძახოს (ერთხმად) – ბარაბა!
ვყვირი – იესოს!
და გატარებ ხელში აყვანილს.
ნიკა ჩერქეზიშვილი