ფურცელზე გადმოსული უთქმელი სიტყვები

                     ინტერვიუ როინ აბუსელიძესთან

როინ აბუსელიძე ის პოეტია, რომელიც ფართო მასებისათვის ცნობილი გახდა ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ლექსით “ჩემი ნენე“ .ეს ლექსი ისე აიტაცა ხალხმა , რომ  ბევრმა მისი ავტორიც კი არ იცოდა. მას შემდეგ როის მრავალი ლექსი გავრცელდა ინტერნეტში და  მის ვიდეოებსაც ათასობით ნახვა და მოწონება აქვს. თავად ავტორს კი თავის პოპულარიზაცია სულაც არ უფიქრია.ის ისედაც ცნობილია თავისი ქალაქის- ბათუმისათვის,

თუმცა ინტერნეტმა მას  საყოველთაო ცნობადობა და ხალხი სიყვარული მოუტანა.

 

1.-ფართო აუდიტორიამ  გაგიცნოთ ინეტრნეტ სივრცეში გავრცელებული ლექსით „ჩემი ნენე“.  ისე აიტაცა იგი ხალხმა, რომ  ბევრმა ავტორიც კი არ იცოდა.როგორ ფიქრობთ, რა გახდა ამ ლექსის  წარმატების მიზეზი?

ალბათ, ის პრობლემები, რომლებიც დღეს სხვადასხვა სახით დგება ჩვენს წინაშე, აზრთა სხვადასხვაობა და რიგი ცვლილებები, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს.ერთ ტიპაჟში ქალის იდეალური სახე მაქვს აღებული,მეორეში კი ჩვეულებრივი, თანამედროვე ქალია დახასიათებული და ეს კონკრეტულად კი არ მიემართება ვინმეს, არამედ ზოგადი სურათია.ხალხმა აიტაცა, თუმცა,  ჩემი ლექსი არ ყოფილა არაფერზე გათვლილი და მე არ გამიპიარებია, მძულს თვითონ სიტყვა „პიარი“, პოეზიასთან არაფერ კავშირში არ უნდა იყოს იგი. ზემოთ ხსენებული ლექსი კი ჩემი სათქმელი იყო უბრალოდ და ვთქვი.

2.-ხშირად წერთ საქართველოდან გადასახლებულ ფერეიდნელ ქართველებზე -ჩვენებურებზე, რაიმე კონკრეტული მიზეზის გამო ხომ არ არის ეს თმა თქვენთვის აქტუალური?

კონკრეტული მიზეზი არ არსებობს , ეს თემა საზოგადოა.   ვფიქრობ, არ უნდა გვავიწყდებოდეს ის ხალხი, რომლებიც დღეს, სამწუხაროდ, ჩვენს სამშობლოში არ მოისაზრებიან და  ქართველები ჰქვიათ. ეს ალბათ, სისხლის ყივილია ან ბილიკი, სადაც ნაკვალევი შეწყდა და მე ჩავდგი ფეხი.შორია ეს გზა, ძალიან შორი,ფიზიკურ განცდაზე მეტად სულიერი დატვირთვაა ამ გზაზე, რომელიც მერე ფურცელზე გადმოდის და რჩება.

3.-დაგვისახელეთ, თუ გყავთ საყვარელი პოეტი ,რომლის ლექსებზეც გაიზარდეთ და რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა თქვენზე და თქვნეს შემოქმედებაზე?

 

ძალიან ბევრი საყვარელი პოეტი მყავს, კონკრეტული ერთის გამოყოფა არ შემიძლია. ზრდას რაც შეეხება, ბავშვობაში ნაკლებად მიტაცებდა პოეზია და უფრო სკოლაში ვეცნობოდი ამა თუ იმ ავტორს, დღეს კი ვთვლი, რომ ბევრი ძალიან კარგი შემოქმედის ხელოვნებას ვიცნობ და ბევრიც წასაკითხი მაქვს, ჯერ კიდევ…

4.-განსაკუთრებული პირობები თუ გჭირდებათ წერისათვის?

არა, არაფერი განსაკუთრებული არაა საჭირო, თუმცა, ყველაზე მთავარი, ალბათ, არის ის, რომ როდესაც ვწერ, მარტო ვიყო.

5.-ხართ ნიკოლოზ ბარათაშვილის პრემიისა და „ლექსების გამოფენის“ პირველი ადგილის მფლობელი.რას ნიშნავს თქვენთვის ამგვარ კონკურსებში გამარჯვება და რამდენად მნიშვნელოვანია?

ხალხისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეგ არ ვიცი, რადგან პირადი სიხარულის გარდა არაფერი მოუტანია ამ წარმატებას ჩემთვის. ვთვლი,რომ კონკურსში გამარჯვება პოეტს არ ზრდის და გაუმარჯვებლობა არ აკნინებს.  ეს უფრო პატივისცემის გამოხატვაა, მკითხველის მხრიდან თუ შევხედავთ.

6.-გყავთ ულამაზესი მეუღლე და შვილი, რომლებსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ თქვენს პოეზიაშიც…არც მეოჯახობაა ადვილი საქმე და არც  ლექსების წერა. ხელს ხომ არ უშლის ეს ორი ერთმანეთს?

არ უშლის. ეს ორი სხვადასხვა რამაა ჩემთვის, რაც ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოსულა ჯერ.თუმცა ოჯახი მაინც მთავარია და მე შემიძლია ყველაფერი გვერდზე გადავდო მათთვის.ყოველი დრო, წუთი, წამი, საუკუნე დავუთმო მათ  და საერთოდ არცერთი ლექსი, პოემა და მოთხრობა აღარ წავიკითხო თუ დასჭირდათ.

7.-„გწამდეს, გავხი შენი გრძნობის ემიგრანტი
სისხლი ადუღდა და შეფერადდა
რადგან იმნაირად შემიყვარდი,
როგორც კვაზიმოდოს ესმერალდა..“
ლექსებში ნათელია როის  უსაზღვრო სიყვარული, ცხოვრებაში როგორ გამოხატავ მას?

ლექსი, ალბათ, ის არის, რასაც ვერ გამოხატავ და წერ, თუმც, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გამოვხატავ სიყვარულს ცხოვრებაში, უბრალოდ ყველა ის უთქმელი სიტყვა გროვდება რომელიც ამ გრძნობის განცდისას უნდა გვეთქვა და ვერ ვთქვით, ემატება ერთმანეთს და გადმოდის ფურცელზე ლექსად.

8.-ერთგან წერთ : „საქართველოში-ფეხზე იკიდებს ლექსებს!.. ისეა მასა“- როგორ ფიქრობთ, დღეს ლიტერატურა და პოეზია სათანადო დონეზე არ დგას საზოგადოებაში?

დღეს მკითხველის დონე პოეზიაზე საოცრად დაბლა დგას, მომიტევეთ, მაგრამ ასეა. ხალხს რასაც აწვდის ტელევიზია და ინტერნეტი, ის მოსწონს და ეგ ცუდია. ისე ამაში უფრო მასმედიას ვადანაშაულებ.

 

9.-თანამედროვე პოეტებზე რა აზრის ხართ? 

ძალიან კარგი თაობა მოდის, ძალიან.

10. -„თითქოს მრავლდებიან პოეტები, მაგრამ პოეზია არა ჩანს.“-ამ სტრიქონებში ერთგვარი საყვედური  იგრძნობა მათ მიმართ.ამაზე რას  იტყვით?

გამრავლებას რაც შეეხება,  მაგ სტრიქონებში ის იგულისხმება, რომ თითქოსდა მოდაში შემოვიდა წერა. ამასთანავე,  ყოველი მეორე დღეს თავის გამოჩენას ცდილობს, თუმც ეს დროის ფაქტორია- ისტორია გადააფასებს, ისტორიას კი ქმნიან ნიჭიერი, ნამდვილი შემოქმედები.

11.-თქვენი აზრით, რა არის მწერლის ფუნქცია და თავად როგორ ართმევთ თავს?

გალას სიტყვებს მოვიშველიებ-“დავდგეთ ის სადაც ქარიშხალია“

12.- ერთგან  ამოვიკითხე თქვენს შესახებ :  „მუშაობს ‘ საკუთარ თავშიო’  “  –  როგორ მუშაობთ „საკუთარ თავში“?

რეჟიმით , რომელსაც ვარღვევ. უფრო კონკრეტულად იმის თქმა შემიძლია, რომ ვწერ და თუ ეს საქმეა, მაშინ სხვა ე.წ  საქმე არ გამაჩნია.

13.- ნათქვამია, მწერალს ყველა თავისი ნაწარმოები შვილივით უყვარსო ,მაგრამ მაინც გკითხავთ,გამორჩეულად თუ გიყვართ თქვენი რომელიმე ლექსი  და  რატომ?

რამოდენიმე  მიყვარს განსაკუთრებით.თუმცა, გამოვარჩევდი ლექს „მამაჩემი“,
რადგან ეს ლექსი ჩემი სულიერი მდგომარეობის და მამასთან დამოკიდებულების ზუსტი ნიმუშია.

 

14.-სამომავლო გეგმებზე რას მეტყვით: პოეზიის საღამოს გამართვას ან წიგნის გამოშვებას ხომ არ აპირებთ ახლო მომავალში?

არასოდეს  დამიგეგმავს პოეზიის საღამო. წიგნის გამოშვებას რაც შეეხება, თუ გამოვუშვებ მინდა, რომ მეც მომწონდეს  კონკრეტულად ჩემი სურვილით გამოშვებული წიგნი და ჯერ ვერაფრით მოვაწონე ჩემი ლექსები როინ აბუსელიძეს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s