კაცი

შენ ჩემს იმედზე ნუ იქნები, ღმერთო, რომ შევალ
ტაძარში და იმ კაცისათვის, ზღვაში რომ გადის –
ვილოცებ, რადგან მეზღვაური, ის კაცი – მე ვარ
და ახლა მართლა არ მცალია, ვამოწმებ ბადეს,

სადმე არ იყოს გახეული, არ გასხლტეს თევზი,
ღმერთო, მშივრები დამრჩებიან შვილები, ცოლი,
მთელი ოჯახი დავიმშევით, ილოცე ჩემზე
შენ თვითონ, მე არ დავგვიანდე, წითლდება ზოლი

და მზე, აქ, ჩვენთან, როგორც არსად – მწველია, დამწვავს,
შენ ჩემს იმედზე ნუ იქნები, უფალო, კაცის,
რომელიც წუხელ შუაღამით (მხოლოდღა) დაწვა
დასაძინებლად და რომელსაც ფიქრები კაწრავს,

რომ არ დაურჩეს დამშეული ოჯახი, დარდობს,
როცა ჯერ ისევ სიბნელეა იღვიძებს, დგება,
ძინავს სუყველას, მეთევზეა მღვიძარი მარტო
და ამას ვინმე თუ გაიგებს, შენ გაგეგება,

უფალო, რომ არ უნდა იყო იმედზე კაცის,
ვინც ნიჩბებს უსვამს, თავის ხელით მიაპობს ტალღებს…
და ღმერთო, თუ არ შეწუხდები, ეგ თოკი გასწი,
მოქაჩე მაგრად, ხომ არ დალპა, ხომ არის საღი,

რომ არ გამწიროს ბედისწერამ შუაგულ ზღვაში,
საღ-სალამათი დავუბრუნდე ცოლსა და შვილებს,
მგონი, ჯერ ისევ გამოდგება, ღმერთო, მე მაშინ
მივხედავ საქმეს, შეიბრუნონ ისევე ძილი

ათასებმა, რომ აღგივლინონ მუდარა, ლოცვა
ნაშუადღევზე, შენ არ იყო იმედზე კაცის,
იმ ერთი კაცის, ვინც შორ ზღვაში წერტილად მოჩანს,
მარილის სვეტი, ძვლადქცეული, შენსავით მკაცრი,

შენსავით მარტო, შენი ხატი, ტოლი და სწორი,
მხოლოდ სულ ერთი, ერთი რამით ნაკლები შენზე,
შენ ღმერთი ხარ და ის კაცია და ორჯერ ორი
ოთხია, ჭეშმარიტებაა, სჭირდება თევზი,

რომ გამოკვებოს ცოლ-შვილი, რომ მივიდეს მათთან
წელგამართული, უფალო, და გადადგეს ზღურბლზე…

ოთხმოცდაცხრამეტს შეიწყალებ იქ სადაც მართალს
ერთი ცოდვილი მეზღვაურიც მიიბი გულზე.

                                                      ნიკა ჩერქეზიშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s