ბაბუ

მზე ჰკიდია ზღვების გაღმა გაღვივებულ ბუხართან,
როგორც ახლადგამომცხვარი ცხელი კეცის მჭადი..
ძველ ნაბადზე წაწოლილი წარსულებზე ვწუხვარ და
მთვარე, როგორც წველა ყველი, მყინვარწვერში ჩადის

სანამ ცეცხლი საბოლოოდ წითელ თვალებს მინაბავს,
ურწევს არწივს ჩემი ცოლი კავკასიურ აკვანს
და კედლიდან გადმომზირალ ვერმოსწრებულ წინაპარს
ვეუბნები: -აქ ვარ, ბაბუ! მოვედი და აქ ვარ!

მოვედი რომ ავაშენო, ავაჩემო თავიდან
ოსმალთაგან გადამწვარი მუხის ძველი ოდა.
ბაბუ, ის დრო აღარ არის, ბაბუ, ის დრო წავიდა!
– დანგრეული ეკლესიაც ავაშენეთ ჰოდაააა,

ჰოდა, ბაბუ, წელს პირველად შენი თოფიც ვაჭექე,
ომში არა, მაშინ როცა შემეძინა ვაჟი…
მერე ჩვენი იზაბელაც მივაცალე რვა ჭიქა,
სიხარულით მე და სუფსა თავს ვიღრჩობდით ზღვაში…

ამ მხარეში რომ იყავი სიმღერებით ცნობილი
მეც შენსავით ნამეტარი ნამეხარი ხმა მაქვს…
ბაბუ, მეც მყავს ერთი კაი აჭარელი ძმობილი
გულიანი, ქრისტიანი, ათი შვილის მამა…

სანამ ცეცხლი საბოლოოდ წითელ თვალებს მინაბავს,
ურწევს არწივს ჩემი ცოლი კავკასიურ აკვანს
და კედლიდან გადმომზირალ ვერმოსწრებულ წინაპარს
ვეუბნები: -აქ ვარ, ბაბუ! მოვედი და აქ ვარ!

     გენრი დოლიძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s