ურჯულოს აღსარება

შენ ჯიხვის რქებზე მთვარის სისხლი არ გინახავს,
არც მამაცი ყივჩაღების ბრძოლა იცი,
როგორ დნება ღამე ნისლებს რომ ინახავს
თავშლიანი ქალწულისთვის მინაფიცი!

დღე რომ ღამის ნასამოსევს გადაიცვამს
მოდი მნახე, ხელი მახლე, მიგრძენ ტანი
შენ ვინც კერა დაგინგრია, გადაგიწვა,
მე ვარ იგი – აღამახმად ოსმანთ ხანი!

მოდი, სული დამილიე მე ურჯულოს.
მოყვასს გიკლავ – დედის ნამშობ მოგვარესა.
შენი მიწის გმირი რომ არს მიყუჟული
რა, რომ განა, ხმალი ოღლიმ აულესა?!

მტერი ვიყავ, მტრადვე დავრჩი ნაკრძალევი
მტერი ვიყავ, მტრადვე დავრჩი ძაღლსაყეფო,
მაგრამ მახსოვს მხედართ მქონდა ნაბრძანები:
ქართლის ქალი მომიგვარეთ ყაჩაღებო!

არაგვს ზედა, მბრძანებელი ვიყავ ჯარზე
შენი მიწის ოხშივრებში, ჩაწყდა სუფრა,
თითქოს ისევ შენი ღმერთი აცვეს ჯვარზე
და მახვილით მოვლენილი აღსდგა უფლად.

გუმბათ-გუმბათ გადავლეწე შენი მიწა,
სალოცავი რაც კი გქონდა სისხლში ვჭამე,
მე რომ შენს მტერს, მუჰამედის მადლი მიცავს
საზღაური ჩემი გავეც ოფლად მწარე.

ლეთა შევსვი კლდენალოკი სამხრეთ ერთა;
ნაფრესკალზე მიმიწერეს – ომთა მთრევო.
შენს წმინდანში მოღალატე აბოს ვხედავ,
მე კი მართალს როგორ უნდა მომიტევო?!

ჯიხვის რქებზე მთვარის სისხლი არ გინახავს,
არც მამაცი ყივჩაღების ბრძოლა იცი,
როგორ დნება ღამე ნისლებს რომ ინახავს
თავშლიანი ქალწულისთვის მინაფიცი!

                                               თემურ ელიავა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s