მიკრობალადა

I

დღე იყო ცივი და უტყუარი,
ამინდმა ზეცა კარგა ხანს ნაღმა,
მერე კი როგორც უცხო სტუმარი,
პირველი თოვლი დაკბინა ძაღლმა.
ხოლო ქარიშხალს _ ამინდის ბოცმანს,
თითქოსდა სურდა ბიბლიის კითხვა
და ეკლესიის ეზოში ლოცვა,
მივიწყებული ლექსივით ითქვა.
ავსებდა ზეცა საღამოს ხურჯინს,
გელოდებოდი ხელში ტიტებით,
შენ კი იდექი მუნჯივით მუნჯი
და ცრემლში ტაძრის ეზოს იტევდი.

I I

გიცქერდი, როგორც ქალაქს ტურისტი
უცქერს, ვერა და ვერ ჩაგიკალი
გულში, მერე კი შენი გულისთვის,
თითქმის ოთხი თვე მეცვა სტიქარი,
რომ დამეოკა ჩემი – მინდები
შენდამი, თუმცა ვეღარ გეღირსე
და მაგონდება რომ მაგ თითების
სურნელი ჰქონდა იმ დღეს სეფისკვერს,
როცა ღრუბლები – როგორც მგზავრები,
ხატავდნენ თავის თავს და ალიონს,
როცა ბავშვები გამოჯავრებით
ამბობდნენ – ნახე, მუნჯი ქალიო…
და იცინოდნენ… და შენ და თოვლი
იყავით თითქოს გარიყულები,
მრევლს კი ვარდისფერ ბურთებად აჩნდა
სახეზე სუსხის ალიყურები.

I I I

გაზაფხულს მიჰყვა სითბო და მარტის
გიჟი ამინდი, ერკელიები,
მე ვლოცულობდი და ამის გარდა,
მაინც ვერაფრით ვერ გელეოდი,
ხოლო აპრილში ისევ ისეთი
იყავი – მარტო, უფრო მარტივი,
სველი თვალებით წირვას ისმენდი
და ხატის გვერდით ჩანდი ხატივით
და სწორედ მაშინ მორიგი ფიცი,
უფლის წინაშე დავდე ხელახლა,
რომ წავიდოდი ტაძარში მიწყივ
ბერად, შენ ოღონდ გელაპარაკა.
ასე გათენდა აღდგომის დილა,
როგორც მორიგი კვირის ციტატა,
მე – ქრისტე აღსდგა – გითხარი ფრთხილად,
შენ მიპასუხე – ჭეშმარიტადო
და თითქოს გული გამისკდა, შემდეგ
გაკვირვებულნი დავრჩით ორივე,
ასე ვიგონებ იმ წამებს დღემდე
მე უკვე უფლის მონა – მორიგი.

IV

ვითვლიდი ორ წელს როცა ბერობის,
სრულად შეცვლილი ცხოვრების რიტმით,
მაგონდებოდი და გარდერობი
შენზე ლექსებით ავავსე თითქმის.
ერთ დღეს ტაძარში ველოდი დედებს
მოწყენილი და დაღლილი ერთობ,
ლოცვისას წამით გამექცა თვალი
და მონაზვნებში გიცანი!…
ღმერთო.
ისე შეცვლილი მეჩვენე მაშინ,
როგორც პირველი ჩვენი მარტის თვე
და ისეთი რამ ჩამიდგა ტანში,
რომ მთელს ტაძარში ვერ დავატიე,
გარეთ ამინდი იდგა უხეში,
სულში წვეთავდა თითქოს მირონი,
შემდეგ ჩამჯდარი ტაძრის კუთხეში,
მახსოვს ძალიან მაღლა ვტიროდი.

V

ასე გავიდა ორმოცდაათი
წელი, ფიქრებით, ლოცვით, ჭიდილით
და ამ უაზრო დროის ნარატივს,
გადადებული შევრჩი ხიდივით.
სიყვარულმა კი გაუბედავავად
პარალელური გზებით გამისწრო,
რის შემდეგ უკვე ვეღარ ვხედავდი
სარკეში ჩემს თავს – როგორც მაგისტროსს
და ყველა ღამე, გაუთევარი,
უნდა მემალა გრძნობით დაწერტილს,
შემრჩა ლექსებით სავსე მდღევარი
უარაფერო და აღარცერთი.
მახსოვს ცასავით ჩაქრა თვალები,
ცაც ჩამოვარდა თითქოს ციდანვე,
იმ ღამით შენი გარდაცვალების
ამბავი როცა ამოიტანეს…
შემდეგ დავტოვე უფლის საუფლო
და გავიყოლე წარსულის გემო
და იმ დღის შემდეგ აღარ ვსაუბრობ
და იმ დღის შემდეგ მუნჯი ვარ ჩემო!..                            

                                              როინ  აბუსელიძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s